საქართველოს სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება, ამრიგად კიდევ გაქვთ დრო შვილები სასკოლოდ მოამზადოთ, განსაკუთრებული მომზადება კი პირველკლასელებს სჭირდებათ, რომლებიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო, 12 წლიანი ციკლის სტარტზე დგანან. ამჯერად ყურადღებას ზურგჩანთის არჩევაზე გავამახვილებთ, ვეცდებით, მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რათა თქვენი პატარასთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი ერთგვარი ტვირთი არ აღმოჩნდეს.
პირველი რჩევა ერთმნიშვნელოვანია - სკოლის ჩანთას აუცილებლად ზურგჩანთის ფორმა უნდა ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხერხემლის გამრუდება, ტკივილები და სხვა დისკომფორტი. ზურგჩანთის სამხრეები მის სიმძიმეს აბალანსებს, გარდა ამისა, ბავშვს ორივე ხელი თავისუფალი აქვს - თუ სკოლის დერეფანში ან ქუჩაში წაიქცევა, გაცილებით კარგად შეძლებს თავის დაცვას და სხვა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვობის ყველაზე უდარდელი პერიოდი სწორედ სკოლის პირველ დღეს მთავრდება, ბავშვი უეცრად \"დიდი\" ხდება და გარკვეული პასუხისმგებლობებიც ეკისრება, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ეს გარდამავალი ეტაპი მისთვის უმტკივნეულო იყოს. შევარჩიოთ ისეთი ზურგჩანთა, რომელიც ბავშვისთვის სათამაშოს ფუნქციას უფრო შეასრულებს, ვიდრე საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების გადასაზიდ სათავსოსას. დაე, ზურგჩანთას მისი საყვარელი პერსონაჟი ეხატოს: ადამიანი ობობა, ბენ თენი, ფიფქია, კონკია, ბეტმენი ან სხვა. ამიტომ ჯობს, ვიდრე ზურგჩანთას იყიდით, ჯერ ბავშვთან გაიაროთ კონსულტაცია. ჰკითხეთ, როგორი ჩანთა სურს, ვინ უნდა ეხატოს ან სულაც იქნებ უნახატო უნდა. მაღაზიაში წაიყვანეთ, კარგად დაათვალიერებინეთ ყველა ჩანთა და არჩევანის გაკეთების პრეროგატივა მას დაუტოვეთ, რადგან ბავშვმა ყველაზე კარგად იცის, როგორი სასკოლო ჩანთებია ახლა \"მოდაში\".
სასკოლო ჩანთის შეძენისას სპეციალისტები გვირჩევენ: გახსენით ჩანთა და შიდა ნაწილი კარგად დაყნოსეთ, რადგან დაბალფასიანი ჩანთები შესაბამისი ხარისხის მასალისგან მზადდება. სუნი შეიძლება ჰქონდეს დერმატინის მასალას ან წებოს, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მით უფრო, თუ ბავშვი ალერგიულია. კარგად შეამოწმეთ საკეტები და ელვა შესაკრავები, საღებავისა და ნაკერების მდგრადობა, ასევე ძლიერად დაქაჩეთ სამხრეები - ჩანთამ, სულ მცირე, სასწავლო წლის ბოლომდე უნდა გაძლოს, ხოლო თუ თქვენი ბავშვი ძალიან ცელქია, მაშინ მას განსაკუთრებით გამძლე ზურგჩანთა სჭირდება. თუ საშუალება გაქვთ, მაშინ ჩანთა მაღაზიაში შეიძინეთ. აქ არსებულ საქონელს შესაბამისი სერთიფიკატები ახლავს, ამრიგად ზუსტად გეცოდინებათ, რა მასალისგანაა შეკერილი თქვენი შენაძენი და ზოგადად რამდენად უსაფრთხოა.
ზურგჩანთა ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვითაც შეარჩიეთ. მისი სიგანე მხრებზე დიდი არ უნდა იყოს, სიმაღლე კი კისრის დასაწყისიდან წელამდე. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩანთაში წიგნები და რვეულები უნდა ჩააწყოთ და არა კარავი და საძილე ტომარა. მსოფლიოს პედიატრები დიდი ხანია შეთანხმებულები არიან, რომ ბავშვმა საკუთარი წონის 10%-ზე მეტი არ უნდა აწიოს, რაც ჩანთის შერჩევის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ და მისი შიგთავსის შევსებისასაც. აქ გაითვალისწინეთ ორი ფაქტორი: სკოლა თქვენი სახლიდან რამდენად შორსაა ანუ რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევს ბავშვს ზურგჩანთის ტარება და ეყოლება თუ არა დამხმარე, რომელიც სკოლიდან მაინც წამოიყვანს და ჩანთის ტარებაში დაეხმარება. თუ ბავშვს ჩანთის ტარება დიდხანს უწევს, მაშინ იქნებ ორთოპედიული საზურგეს მქონე ჩანთა შეარჩიოთ, ხოლო 15-20 წუთიანი ტარებისთვის ზედმეტი ხარჯის გაწევა ნამდვილად არ ღირს - ხერხემალს მოუხერხებელ სკამზე ჯდომა უფრო მეტ ზიანს აყენებს. მთავარია, ზურგჩანთას მყარი უკანა მხარე ჰქონდეს, რათა წიგნების წვეტიანმა კუთხეებმა ბავშვი არ შეაწუხოს. შემოაწმეთ სამხრეებიც. ნუ იქნება წვრილი, რათა ბავშვს მხრები არ ატკინოს. როგორც წესი, სასკოლო ზურგჩანთებს ფართო (3-4 სმ.), რბილი მასალით შეკერილი სამხრეები აქვს და თქვენც ასეთზე შეაჩერეთ არჩევანი.
ბოლო დროს მოდურია გორგოლაჭებიანი ზურგჩანთები, რომელთა შეძენასაც სპეციალისტები არ გვრჩევენ. გარდა იმისა, რომ ასეთი ჩანთის ტარებისას ბავშვი ოდნავ ირიბად მიდის, ის ვერც ფიზიკურად იტვირთება და ზარმაცდება. ამასთან გორგოლაჭები ჭუჭყიანდება და ზურგჩანთის ზურგზე მოკიდებისას ტანსაცმელსაც სვრის. მისი ატანა მოუხერხებელია კიბეზე და სხვა არასწორ ადგილას, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის.
|