მალე ახალი წელი მოვა, რამდენიმე დღეში კი საოჯახო ნაძვის ხის გაწყობა მოგიწევთ, რომელიც თქვენს სახლში თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაიდებს ბინას. ვინაიდან სახალწლო ნაძვის ხე სახლის ყველაზე გამორჩეულ და ადვილად შესამჩნევ ადგილას იდგმება, მას ყველა თქვენი სტუმარი ნახავს, ამიტომ ნებისმიერი დი
ასახლისი ცდილობს, მისი ნაძვის ხე ყველაზე დიდი, ლამაზი, ფერადი და ბრწყინვალე იყოს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნაძვის ხე და მასთან არსებული დღესასწაული ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ სადღესასწაულო აქსესუარის მორთვისას მათ გემოვნებასაც გაითვალისწინებთ.
ყველაზე უკეთესია, თუ ნაძვის ხეს ერთად მორთავთ, თუმცა მისთვის სათამაშოების დამზადების პროცესი გაცილებით საინტერესოა, რადგან ამ დროს არა მარტო შვილებთან დამატებითი კომუნიკაცისა და გართობის საშუალება გეძლევათ, არამედ მათი ფანტაზიის გავარჯიშება-გამოვლენის პროცესსაც მიადევნებთ თვალს. როგორც ცნობილია, ბავშვებს განსაკუთრებული ფანტაზია აქვთ, ამიტომ ენდეთ მათ სურვილებს და გარწმუნებთ, ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე სწორედ თქვენ გექნებათ.
ნაძვის ხის მოსართავად ნებისმიერი მასალისა და ფორმის მსუბუქი და მცირე ზომის ნივთი გამოდგება, მთავარია, ის კარგად გააფორმოთ, მისცეთ სახე, ელვარება და ტოტზე ჩამოსაკიდი ძაფიც არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ასევე სავაჭრო ცენტრებში ბევრგან შეხვდებით ხელსაქმის მაღაზიებს. აქ უამრავი ფორმის, ზომისა და ფერის ღილებს, ბაფთებს, ელვარე ფირფიტებს, ლენტებს, მარმაშებსა და სხვა აქსესუარს ჰყიდიან. ნაძვის ხის სათამაშოს გასაკეთებლად ყველაფერი გამოდგება - ჩვეულებრივი, უსახური ღილიც კი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში თოვლის ბაბუას თვალად ან ირმის ცხვირად იქცევა.
***
ვერცხლის წვიმების ალტერნატივად ფოლგის ბურთულებისგან აწყობილ მძივს გთავაზობთ. ჩვეულებრივი ფოლგა 20-25 სმ. ზომის კვადრატებად დაჭერით, ბავშვმა კი ისინი პატარა ბურთულებად აქციოს, ხელისგულებში მოიქციოს და ისე დააგორგოლავოს. შემდეგ ბურთულები ძაფზე აასხით და ვერცხლის მძივიც მზადაა.
თუ ხელსაქმის მაღაზიაში ფერად მძივებს (ე.წ. ბისერები) იყიდით, აუცილებლად მოაყოლეთ ადვილად დრეკადი მავთულიც. მავთული 10-15 სანტიმეტრიან ნაჭრებად დაჭერით და ბოლო მოუღუნეთ, შემდეგ კი პატარას მასზე მძივების ასხმა სთხოვეთ. როდესაც ბავშვი საქმეს დაასრულებს, მავთულს სპირალის, რგოლის, ყვავილის, ფიფქის, ვარსკვლავისა და სხვა ფორმები მიეცით, თოკი ან მავთულისვე მარყუჟი გაუკეთეთ და ნაძვზე ჩამოკიდეთ.
მძივისთვის კიდევ ერთ საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ: ყველა დიასახლისმა იცის, რომ მაკარონს უამრავი ფორმა აქვს, ზოგი კი ძალიან ლამაზი და ორიგინალურია. გარდა ამისა, მაკარონი კარგად იტანს შეღებვას, ასე რომ საახალწლო ნაძვის ხის მოსართავის შეძენა სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიაშიც შეიძლება. ნიჟარისა და ბაფთის ფორმის მაკარონისგან პატარა ნაძვის ხეების გაკეთებაც შეგიძლიათ, რისთვისაც მყარი მუყაოს კონუსი დაგჭირდებათ, ხოლო ბორბლის ფორმის მაკარონების შეერთებით ფიფქებს მიიღებთ. შეგიძლიათ შეღებილ მაკარონს ელვარე ფირფიტები (ე.წ. ბლოსტკები) დააკრათ, მოკლეთ თამამად იმოქმედეთ.
ძალიან ლამაზი და თემატური საღამაშოების გაკეთება შეიძლება გირჩებისგან, რომელთა შეგროვებაც უკვე სასარგებლო პროცესია. ბავშვებთან ერთად ახლო მდებარე სკვერში ან ტყეში გაისეირნეთ (ცხადია ისეთ ადგილას, სადაც წიწვოვანი ხეები ხარობს) და გირჩები შეაგროვეთ (სასურველია პატარა ზომის). თუ გირჩა შეკრულია, მაშინ მისი მოხარშვა მოგწვეთ, რათა გაშრობის შემდეგ თანაბრად გაიფურჩქნოს. ხარშვას 20-30 წუთი დასჭირდება, გაშრობა კი ბატარეაზე ან ნებისმიერ თბილ და მშრალ ადგილას შეგიძლიათ. გირჩის შესაღებად საუკეთესო საღებავი გუაშია, რომლის გაშრობის შემდეგაც თუ უფერო ლაქს გადაუსმევთ, უფრო ლამაზ სახეს შეიძენს. ვიდრე ლაქი გაშრება, გირჩაზე ხელოვნური თოვლი დააყარეთ ან ბამბის პატარა ფთილები დააწებეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ პენოპლასტის ბურთულები და მრგვალი ბრინჯიც). შემდეგ სურვილისამებრ მორთეთ ელვარე ფირფიტებით და გირჩა-სათამაშოებიც მზადაა.
გირჩით ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ პატარა ცხოველებიც, რისთვისაც პლასტელინის გამოყენება დაგჭირდებათ, წითლად შეღებილ გირჩქას კი თოვლის ბაბუას სახე გაუკეთეთ და მოსართავიც მზადაა.
მოსაფრთხილებელი, თუმცა არაჩვეულებრივი საბაზო მასალაა ნათურა, რომლის შუშის ზედაპირიც იოლად იღებება. მისგან ყველაფრის დამზადება შეიძლება, მთავარია ფანტაზიამ არ გიღალატოთ: თვალების ნაცვლად შავი ქაღალდის რგოლები, თმა ძაფისგან გააკეთეთ, ტუჩები ფრჩხილის წითელი ლაქით მიუხატეთ და ასე შემდეგ.
გამოსავალი იმ შემთხვევაშიც არსებობს, თუ ძალიან ბევრი ძველი სათამაშო დაგიგროვდათ. გადაყრა გენანებათ, არადა ძალიან მოგბეზრდათ. ძველის განახლება საკმაოდ მხიარული და საინტერესო პროცესია, რისთვსაც ნებისმიერი მასალა გამოგადგებათ. მაგალითად ძველი კომპაქტ დისკი, რომელიც პატარ-პატარა უფორმო ნაწილებად უნდა დაჭრათ, ბავშვს კი მათი ძველ სათამაშოზე დაკვრა სთხოვეთ. როდესაც სამუშაოს დაასრულებს, თავადაც გაოცდებით, რომ ხელთ დისკოთეკის ბურთის მსგავსი ულამაზესი სათამაშო შეგრჩებათ. ძველი სათამაშოს გადახალისება ასევე შეიძლება ფერადი ჟურნალების ნაკუწებით, ნაჭრებით, გამხმარი მცენარეებით, ელვარე ფირფიტებით, ფერადი მაკარონით, კანფეტის ქაღალდით და ასე შემდეგ.
ნაძვის ხის ან ოთახის მოსართავად პლასტიკატის ბოთლებიც გამოგადგებათ. მაკრატლით ან ბასრი დანით მისი ყვავილის ფორმის ძირი მოჭერით, შემდეგ კი შიგნიდან ფიფქების მსგავსად მოხატეთ, ელვარე ფირფიტებით მორთეთ და ცოტა ხელოვნური თოვლიც დაამატეთ.
მოკლედ, საახალწლო ნაძვის ხის მოსართავების თემა იმდენად ვრცელია, მასზე წერა დაუსრულებლად შეიძლება. ჩვენ მხოლოდ იდეები შემოგთავაზეთ, მათი განვითარება და შესრულება უკვე თქვენი საქმეა. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვების რჩევა გაითვალისწინოთ, მათი იდეების განხორციელებაში მიიღოთ მონაწილეობა და გვერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
|