თვალები ყელზე არანაკლებ ამხელენ ასაკს. გარდა ამისა, წლების მატებასთან ერთად უარესდება მხედველობა და თვალებში დაღლილობის კვალი ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს მუშაობთ კომპიუტერთან ან გიყვართ ტელევიზორის ყურება. ასე რომ, თვალებისადმი ყურადღება მეტად მნიშვნელოვნია. უპირველესად, აუცილებელია თვალების კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშები. კოსმეტიკური ფიზკულტურა არ არის რთული, მაგრამ საჭიროა ვარჯიშების რეგულარულად და სწორად შესრულება.
ვარჯიშის დაწყებამდე მიიღეთ მოხერხებული პოზა: დაჯექით სკამზე და მიეყრდენით საზურგეს. ტანსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ ყელსა და გულმკერდზე. სახის კრემის წასმა არ არის საჭირო, მაგრამ თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი არაჟანი შეიზილოთ, ხოლო თუ ცხიმიანი - გაიწმინდოთ მჟავე ხილის წვენით. ვარჯიში აძლიერებს თვალების კუნთებს, ამცირებს კანის შეშუპებას თვალების ქვეშ და ხელს უშლის თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას.
მაგრად დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ 5-მდე, შემდეგ ფართოდ გაახილეთ და ისევ 5-მდე დაითვალეთ. ბოლოს მოადუნეთ კუნთები. ვარჯიშის შესრულების დროს შუბლზე ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ, წარბების რკალზე მიიდეთ საჩვენებელი თითები. ვარჯიში თავდაპირველად გაიმეორეთ 3-5-ჯერ და თანდათანობით 10-მდე ადით. ნელა, თავის გაუნძრევლად, მაქსიმალურად გაიხედეთ მარცხნივ და დაითვალეთ 3-5-მდე, მერე გაიხედეთ მარჯვნივ და ამდენივე ხანს შეყოვნდით. ბოლოს თვალები საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ და 1-2 წამით დახუჭეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
რაც შეიძლება სწრაფად ახამხამეთ ორივე თვალი და გულში დაითვალეთ 10-მდე. ბოლოს თვალები დახუჭეთ, გააკეთეთ 2-3-წამიანი პაუზა და გაახილეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 4-5-ჯერ.
მიიდეთ საჩვენებელი თითები წარბების რკალზე, აიხედეთ მაქსიმალურად ზევით და გულში დაითვალეთ 3-მდე. მერე დაიხედეთ მაქსიმალურდ ქვევით და გულში დაითვალეთ 3-მდე. ბოლოს თვალები დახუჭეთ და გააკეთეთ 1-2-წამიანი პაუზა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
თვალები ნელა დაატრიალეთ წრიულად, 2-ჯერ - მარცხნიდან მარჯვნივ და 2-ჯერ - მარჯვნიდან მარცხნივ. შემდეგ დახუჭეთ თვალები და 1-2-წამიანი პაუზა გააკეთეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
მიაქციეთ ყურადღება - ვარჯიშის შესრულება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაგიადვილდებათ, რადგან თანდათანობით გაგიძლიერდებათ თვალის კუნთები.
|