მინი-გოჭუნები
მინიპიგი ჩვეულებრივი გოჭია, მხოლოდ სულ პატარა ზომისა. ისინი მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გერმანიაში, ცხოველის ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვის ცდების ჩასატარებლად გამოიყვანეს. ცდები წარუმატებლად დასრულდა, თუმცა პატარა მხეცუნებმა შინაური ცხოველების სახით დიდი პოპულარობა მოიპოვეს. მინიპიგს „პატარებს", რასაკვირველია, შედარებით თუ ვუწოდებთ. ზოგიერთი მათგანი 120 კილოგრამამდეც შეიძლება გაიზარდოს, მაშინ, როცა დიდი ღორის მაქსიმალური შესაძლო წონა ნახევარი ტონაა. ამ პატარა ცხოველების მომხიბლავობის გაძლება ძნელია, თუმცა მათი მოვლა არც ისე იოლია.
მინი-გოჭების პატრონთა გამოცდილებით, ამ სასაცილო ცხოველის სახლში მოყვანა თუ გვინდა, მზად უნდა ვიყოთ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ამ სახალისო, საყვარელი და ცნობისმოყვარე არსებების რიტმზე აწყობა მოგვიწევს. ისინი ყველაფერს იტაცებენ და ღეჭავენ – ტყავის ფეხსაცმელი იქნება ეს თუ ცელოფნის ჩანთა. ყოველი მორიგი დღე მინი-პიგთან ერთად ნამდვილი გამოცდაა, ამიტომაც გოჭების უმრავლესობა ერთი წლის „მშვიდობიანი" თანაცხოვრების შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში ფერმაში, უარესში კი – პირდაპირ ღუმელში აღმოჩნდება ხოლმე.
მინი-გოჭუნები ყველაფერს ჭამენ, თუმცა აჯობებს, თუ მათ ფაფებით, ბოსტნეულით, ხილითა და რძის პროდუქტით გამოკვებავთ. საპირფარეშოში სიარულს ვერ მიაჩვევთ, ამიტომაც გარეთ გასეირნება მოგიწევთ ხოლმე. გარდა ამისა, ისინი ხმაურობენ, ნივთებს აფუჭებენ და საკმაოდ სპეციფიკური სუნი ასდით. იდეალურ შემთხვევაში, გოჭუნებს სახლში საკუთარი ოთახი უნდა ქონდეთ გამოყოფილი.
პირადი დრაკონი
იგუანების ოჯახიდან ყველაზე ხშირად სახლში მწვანე იგუანა – ხის ხვლიკი ჰყავთ ხოლმე. ამ საკმაოდ დიდი ზომის იგუანას სიგრძემ 190 სანტიმეტრს შეიძლება მიაღწიოს. სიგრძის ნახევარი კუდზე მოდის. იგუანა ძალიან ზარმაცი არსებაა, ბუნებრივ გარემოშიც კი დროის 95%-ს უბრალოდ ხეზე ჯდომაში ატარებს, ამიტომაც მათგან განსაკუთრებულ აქტიურობას ნუ ელით. გარეგნობით იგუანა დრაკონს გავს, მაგრამ სავსებით უწყინარი ცხოველია და მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევს. იგუანები მაიას ტომის წმინდა ცხოველები იყვნენ – ინდიელების რწმენით, ისინი გარდაცვლილ მბრძანებლებს მკვდართა სამეფოში გამცილებლის სამსახურს უწევდნენ.
იგუანები ტერარიუმში ცხოვრობენ, მათი ზრდის კვალობაზე ტერარიუმიც უფრო დიდი უნდა შეიძინოთ. ეს ხვლიკები მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევენ, ძირითადად, ბალახსა და სალათს, ასევე ხილსა და ბოსტნეულს. იგუანები ყოველ დღეს უნდა დაბანოთ, კლანჭები მოაჭრათ, კალციუმი და სხვა მინერალური დანამატები მისცეთ. ამ ყველაფრის გამო იგუანების შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ხვლიკების ჭეშმარიტ მოყვარულებს ეს ვერ აშინებს.
ეს რეპტილიები იოლად ცივდებიან და ხშირად ხდებიან ავად. სახლის პირობებში მათი სიგრძე 1,5-2 მეტრამდე აღწევს, ასაკის მატებასთან ერთად კი აგრესიულებიც შეიძლება გახდნენ. თუმცა ისინი ძალიან ლამაზები და მართლაც საინტერესო არსებები არიან, თუნდაც მხოლოდ მათი განსხვავებულობის გამო.
ფუმფულა მხეცუნები
შინშილა ნაღვლიანთვალება, მომხიბლავი არსებაა. წარმოშობით ეს მღრღნელი სამხრეთ ამერიკიდანაა, თუმცა თავს განსხვავებულ კლიმატშიც მშვენივრად გრძნობს და დაახლოებით 15-20 წელი ცოცხლობს, რადგან საკმაოდ ამტანი ცხოველია.
შინშილა ღამის ბინადარია, ამიტომაც დღე ძილი უნდა ვაცადოთ. 25 გრადუსზე მეტ სიცხეში ცხოველმა შეიძლება სითბური დარტყმა მიიღოს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, შედარებით სიგრილეში გვყავდეს. მათ სპეციალური საკვები აქვთ, რომელსაც თივასთან ერთად მიირთმევენ. შეგიძლიათ ამ საჭმელს ხილი და ბოსტნეული დაუმატოთ.
შინშილას ბანაობისთვის სპეციალური ქვიშა სჭირდება, რომელსაც ზოომაღაზიაში იყიდით, ასევე პირობები ფიზიკური დატვირთვისთვის, უკიდურეს შემთვევაში, ბორბალი მაინც. შინშილების შენახვა ადვილი და იაფია, თუმცა საკმაო დრო მაინც სჭირდება თივის მომზადებას, ჭინჭრის, ბურბუშელასა და ფოთლების გახმობას. პრინციპში, მისი შენახვის პირობები ჩვეულებრივი მღრღნელის მოვლისგან არ განსხვავდება, თუმცა მათზე გაცილებით საყვარლები და სანდომიანები ნამდვილად არიან და ამიტომაც მათზე დახარჯული დრო მოყვარულ პატრონებს სულაც არ ენანებათ.
ჯუჯა კურდღლები
ჩვეულებრივი კურდღლების გარდა, არსებობს ამ ჯიშის ჯუჯა წარმომადგენლებიც. ჯუჯა ბაჭიების შენახვა ძალიან იაფია, ისინი 8-10 წელი ცოცხლობენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერს ღრღნიან, რაც პირში მოხვდებათ – ბოლოს და ბოლოს, მღრღნელები არიან, ამიტომ ვერც გავუბრაზდებით.
ჯუჯა კურდღლების მოვლა კატების მოვლაზე ადვილიც კია, თუმცა ისინი პატრონების ფეხსაცმელებში სახლებს იწყობენ, ცოცხებს ეჩხუბებიან, სახლში დაბრუნებულ უფროსებს სიხარულისგან ფეხებში ედებიან და საბნის ქვეშაც უძვრებიან, როცა მათ სძინავთ.
თუ ჯუჯა კურდღელი გალიაში არ არის დამწყვდეული, ის მთელ ბინაში ირბენს. მხოლოდ მცენარეულ საკვებს – გამხმარ ბალახს, ბოსტნეულს, ხილსა და სპეციალურ საჭმელს მიირთმევს. კურდღლი ჭკვიანი და იოლად აღსაზრდელი ცხოველია.
ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – კურდღლების ყურებით აყვანა არ შეიძლება! საერთოდ ხელში აყვანაც არ არის სასურველი, რადგან ძალიან აქტიურ წინააღმდეგობას გაგიწევთ და ნაზმა ცხოველმა შეიძლება რაიმე დაიზიანოს. გამრავლებითაც ისევე აქტიურად მრავლდებიან, როგორც ჩვეულებრივი ზომის კურდღლები, ამიტომაც თუ სახლში ჯუჯა კურდღლების ფერმის გახსნა არ გადაგიწყვეტიათ, სხვადასხვა სქესის ცხოველების ერთად ყოლას არ გირჩევთ.

დაამატა  ლადო  სოფრომაძემ