შაბათი, 2025-01-18, 3:52 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » თეთრი დათვი და მურა დათვი
7:41 PM
თეთრი დათვი და მურა დათვი
თამარ (თამრი) ფხაკაძე

თეთრი დათვი და მურა დათვი 

ერთხელ თეთრი დათვი უზარმაზარ ყინულზე წამოგორდა და დაიწყო ფიქრი. ხან პინგვინებზე იფიქრა, ხან ზღვის ლომებზე, ხან რაზე და ხან რაზე, მაგრამ ბოლოს აი რა მოიფიქრა:

- მომბეზრდა აქ! აქეთ ყინული! იქით ყინული! აქეთ პინგვინი! იქით პინგვინი! საჭმელიც, - სულ თევზი და თევზი! წავალ, უკეთეს ადგილს მოვძებნი! დედამიწა დიდია, ადგილების მეტი რა არის?!

ასეც მოიქცა. წამოიზლაზნა და გაუდგა გზას.

სწორედ ამ დროს, ერთ თბილ ქვეყანაში მურა დათვი უღრანი ტყის პირას, ხასხასა მოლზე წამოგორებულიყო და ფიქრობდა.

- უჰ! მომბეზრდა! აქეთ ტყე, იქით ტყე! აქეთ შინდი! იქით პანტა! ყოველდღე თაფლი და თაფლი! ფუღუროებში ძრომიალი და ფუტკრებისგან დაკბენა! მომეწყინა! დედამიწა დიდია! ადგილების მეტი რა არის! წავალ და უკეთეს სამყოფელს მოვძებნი!

ბევრი აღარ უფიქრია, გაუდგა ბაჯბაჯით გზას.

იარა თეთრმა დათვმა. ბევრი იარა.

იარა მურა დათვმა. ბევრი იარა.

შუა გზაზე ერთმანეთს შეხვდნენ.

- ჰეი, ძმობილო! საით გაგიწევია? - დასძახა თეთრმა დათვმა.

- მომეწყინა. სხვა ადგილი უნდა ვნახო! - უპასუხა მურამ - შენ საით მიდიხარ, ძმობილო?

- მეც მომეწყინა, - მიუგო თეთრმა დათვმა, - წავალ, უკეთეს ადგილს ვნახავ. ადგილების მეტი რა არის!

იარა მურა დათვმა და ჩავიდა ყინულოვან ქვეყანაში. მიიხედა, მოიხედა, - მოეწონა. ხან პინგვინს გაეკიდა, ხან ზღვის ლომს გაეთამაშა, მაგრამ ყველა გაურბოდა. მურა დათვი არასდროს ენახათ და შეეშინდათ.

სულ მარტო დარჩა მურა. სიცივისგან კანკალი დაიწყო. მერე, მოშივდა კიდეც. თვალებში სულ შინდი, პანტა და თაფლი ელანდებოდა, მაგრამ ყინულების მეტი არაფერი იყო! ყინულებს ხომ არ შეჭამდა?

დაჰკრა ფეხი და წამოძუნძულდა უკან, თავის მხარეში.

იარა თეთრმა დათვმა, იარა და მიადგა უღრან ტყეს. მიიხედა, მოიხედა - მოეწონა. მზე ჩახჩახებდა. ირგვლივ კი ყინულის ნატამალი არ იყო! ხან კურდღელს გაეთამაშა, ხან ზღარბს, მაგრამ ყველა გაურბოდა. თეთრი დათვი არასდროს ენახათ და შეეშინდათ.

სულ მარტო დარჩა თეთრი დათვი. საშინლად დასცხა. მერე, მოშივდა კიდეც. თვალებში სულ ყინულივით ცივი და სლიკინა თევზი ელანდებოდა! მაგრამ ხეების მეტი არაფერი იყო! ხეები კი, შენც კარგად იცი, თევზებს არ ისხამენ!

დაჰკრა ფეხი თეთრმა დათვმაც და წაძუნძულდა უკან, თავის მხარეში.

შუა გზაზე ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.

- საით გარბიხარ, ძმობილო? - დასძახა მურამ.

- საით და ჩემი ყინულები მომენატრა! – უპასუხა თეთრმა დათვმა - შენ საით გარბიხარ ასე კისრისტეხით, ძმობილო?

- საით და, მეც ჩემი უღრანი ტყე მომენატრა! - მიუგო მურამ.

დაემშვიდობნენ ერთმანეთს და განაგრძეს გზა.

რომ იცოდე, როგორ მიეჩქარებოდათ!

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 2147 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: