საბაზო ნივთები თუ ტრენდები?მოდის ინდუსტრიამ დიდი ხნის წინ შეაღწია არა მარტო მეგაპოლისებში, არამედ პატარა ქალაქებშიც. სულ უფრო მეტი მამაკაცი ადევნებს თვალს მოდის ტენდენციებს, მეტ დროს უთმობს შოფინგს, რეგულარულად კითხულობს მოდის ჟურნალებს და შედეგად სულ უფრო ხშირად ხდება თავსმოხვეული ტრენდების მსხვერპლი. ყოველწლიურად იზრდება მამაკაცის „must-have-ნივთების" რაოდენობა. იზრდება გარდერობის მრავალფეროვნება, „ლეიბლების" და „პრინტების" ზომები. ამგვარი გარდერობის მფლობელი სულ უფრო ემსგავსება ფეშენ-თუთიყუშს. ინდივიდუალურობას გამოდევნებული მამაკაცები ცდილობენ იყიდონ მხოლოდ „მოდური" ნივთები, მაგრამ მოგვიანებით ამჩნევენ, რომ მათივე მსგავსი მოდასაყოლილების მასაში ითქვიფებიან. გაიხსენეთ წვრილი ჰალსტუხები, ლაკის ფეხსაცმელები, ჯინსები „პირამიდა", ტყავის და ჯინსის ჟილეტები და მრავალი სხვა ნივთი, რომელიც უცებ შემოვიდა მოდაში და მალევე ყველას ემოსა. გსურთ იყოთ მოდური, გეცვათ განსხვავებულად მაგრამ გემოვნებით, იყოთ თვალშისაცემი გარეგნობის? ეს სურვილები სულაც არ არის დასაძრახი, მაგრამ ამგვარი შედეგის მიღწევა რთულია. საჭიროა კარგი გუმანის ქონა, საჭიროა მუდამ უსწრებდეთ მოდას და არ იცვამდეთ მოდის იმ ნარჩენებს, რომლებმაც უკვე მასობრიობის ელფერი შეიძინეს. დროებითი და სწრაფად ცვლადი ტენდენციებით გატაცებული მამაკაცები ხშირად ივიწყებენ, ან შეგნებულად უგულვებელჰყოფენ კლასიკას და მამაკაცის გარდერობის საბაზო ნივთებს. არადა მხოლოდ საბაზო ელემენტების გამოყენებით არის შესაძლებელი ელეგანტური და ინდივიდუალური სტილის შექმნა. კლასიკა უცვლელია როგორც პოსტულატი. კლასიკა არასდროს გიღალატებთ და არასდროს გავა მოდიდან, ვინაიდან მის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან კლასიკური ნივთები უფრო ადვილად ეხამება ერთმანეთს. ულტრათანამედროვე ნივთების შეხამებას კი საკმაო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. კლასიკა არ არის მხოლოდ კოსტუმი. კლასიკა არის ნივთები, რომლებმაც გაუძლეს დროის გამოცდას. მაგალითად კეტებში კლასიკა არის Converse, სათვალეებში კლასიკა არის Wayfarer და ა.შ. მამაკაცის გარდერობის საბაზო ნივთები.უნივერსალური ფერის კლასიკური კოსტუმი ბაზისის ბაზისია. იქონიეთ ერთზე მეტი. მაგალითად მუქი ლურჯი და მუქი რუხი; კლასიკური თეთრი პერანგი. თუ ფიგურა ამის საშუალებას გაძლევთ უმჯობესია წელში გამოყვანილი. თეთრის გარდა იქონიეთ სხვა ფერის, მაგრამ ერთ ფერში გადაწყვეტილი პერანგებიც და შესაბამისი ჰალსტუხები; სწორი და მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი. ერთ ტონში. ნახეხების, აპლიკაციების და პრინტების გარეშე;
სპორტული მაისური (T-shirt). ისევ და ისევ ერთ ტონში. სხვადასხვა ფერის; პიჯაკი. სასურველია უნივერსალური, არაექსტრავაგანტური; კარდიგანი. გამოდგება ყოველდღიური ჩაცმულობისთვის ელეგანტურობის ხაზგასასმელად; კლასიკური ფასონის პალტო. ქურთუკები ვარჯიშებისთვის და ბუნების წიაღში სტუმრობისთვის გადადეთ; კლასიკური შავი ფერის ოქსფორდები. ცხელი დღეებისთვის ასევე შავი ფერის ლოუფერები; თეთრი ფერის მაქსიმალურად არასპორტული „ბოტასები", ზედმეტი დეკორისა და ბრჭყვიალა ჩანართების გარეშე. უყურადღებოდ არ დატოვოთ აქსესუარები – საათი, საფულე, ქამარი და ა.შ. ისინიც მამაკაცის საბაზო გარდერობის განუყრელ და მნიშვნელობან ნაწილს შეადგენენ. ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ ატაროთ მხოლოდ კლასიკა და უყურადღებოდ დატოვოთ მსოფლიოს მოდის დედაქალაქების პოდიუმები. თუკი ფუნდამენტი სწორადაა აშენებული, მასზე ბევრი რამის დაშენებას შესძლებთ.
|