შაბათი, 2025-01-18, 4:03 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები
8:07 PM
როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები

როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები

დედამიწის აგებულება

ჩვენი პლანეტა აგებულებით უზარმაზარ კვერცხს ჰგავს. ცენტრში მდებარეობს თხევადი გავარვარებული ბირთვი, რომელსაც აკრავს მანტია და ბოლოს შედარებით თხელი მკვრივი ფენა. ამ ფენას დედამიწის ქერქი ეწოდება. დედამიწის დიამეტრი 13 ათასი კილომეტრია, დედამიწის ქექისა კი - სულ რამოდენიმე კილომეტრი. სხვადასხვა ადგილებში ქერქი სხვადასხვა ზომისაა. მაგ., ზღვის ფსკერზე უფრო თხელია, ხმელეთზე - შედარებით სქელი, მთებში - კიდევ უფრო სქელი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დედამიწის ქერქის სისქე დედამიწის დიამეტრზე ასჯერ ნაკლებია.

ვულკანები

დედამიწის ქერქი ზოგან ნაპრალებს იკეთებს. ამის გამო, ქერქის ქვეშ არსებული ცხელი თხევადი ნივთიერება ზედაპირს უახლოვდება და ზოგჯერ გარეთაც გამოდის. დედამიწა გუგუნებს და ირყევა, ნაპრალიდან იფრქვევა ნამწვავის ნაკადი, ფერფლი, ორთქლი და გაზები, ანუ მაგმა, რომელიც იქვე ცივდება. წარმოიქმნება დიდი ქვები. ვაკე ადგილას ვულკანი ძალიან იშვიათია. უფრო ხშირად მაგმა ერთსა და იმავე ადგილას ამოხეთქავს ხოლმე. და მაშინ ეს ადგილი მთის ფორმას იღებს.

ყოველი ახალი ამოფრქვევისას ზედაპირზე მაგმის ახალი პორცია ხვდება, რომელიც შემდეგ მაგრდება. ვულკანები აფრქვევენ არა მხოლოდ მაგმას. მათი ამონაფრქვევის დიდი ნაწილი ფერფლი და გაზებია.

ზოგი ვულკანი მოქმედია, ზოგი - დიდი ხნის ჩამქრალი. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამქრალ ვულკანებს გაუღვიძიათ და მთელი მიმდებარე ადგილები „დაუბომბავთ" გავარვარებული ქვებითა და ფერფლით, გავარვარებული მაგმით დაუფარავთ დიდი ტერიტორიები. ასე დაღუპულა მთელი ქალაქები. მაგალითად, ძველ იტალიაში ასე განადგურდა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი, როცა ვეზუვის ვულკანი ამოიფრქვა.

მთის ქანები

დედამიწის ქერქი სხვადასხვა ნივთიერებებისაგან შედგება. ზედა ფენას, რომელზეც მცენარეები იზრდება ნიადაგი ეწოდება. ნიადაგის ქვეშ განლაგებულია ქვიშის, თიხისა და სხვადასხვა სახის ქვების დანაშრევები. ამ ერთგვაროვან მასებს, რომლებიც დედამიწის ქერქს ქმნიან, ეწოდებათ მთის ქანები.

მთის ქანებისაგან შედგებიან მთებიცა და ხმელეთის ვაკე ადგილებიც. მათგან ზოგიერთი ქანი მიწის სიღრმეშია - ქვანახშირი, სხვადასხვა ლითონების მადნები და სხვ. მთის ქანებს მიეკუთვნება ქვები - გრანიტი, ბაზალტი, კვარციტი, კირქვა, ქვიშაქვა.

წარმოშობის მიხედვით, მთის ქანები იყოფა ვულკანურ და დანალექ ქანებად. ვულკანური ქანები - ესაა გაქვავებული მაგმა და მისი ნატეხები. (ისინი მკვრივია, არა აქვთ ფორები და, ამდენად, არ ისრუტავენ ტენს, სიმძიმის გამო ადვილად იძირებიან წყალში). ასეთებია: გრანიტი, ბაზალტი და სხვა მსგავსი ქანები. ვულკანური ქანები დედამიწის წიაღში ძალიან ღრმად არიან განლაგებულნი და ხმელეთის ერთგვარ საყრდენს წარმოადგენენ. ისინი იქ ვულკანთა ამოფრქვევის გზით მოხვდნენ.

მთის ქანების უმეტესობა სრულიად განსხვავებული წარმოშობისაა. ისინი წარმოიქმნებიან მკვრივი ქანების დაშლის, მცენარეულ და ცხოველურ ნაშთებთან შერევის შედეგად და ა.შ.

მოდით დავადგინოთ, რა შედგენილობისაა მთისა ქანები, როგორ გარდაიქმნებიან და იშლებიან ისინი.

მინერალები

არცერთი მთის ქანი არ შედგება მხოლოდ ერთი ნივთიერებისაგან. ყველა მათგანი ნივთიერებათა ნარევს წარმოდგენს. მაგალითად, თუ ყურადღებით დავაკვირდებით გრანიტის ნატეხს, მასში შევნიშნავთ სხვადასხვა სახის მარცვლებს. გრანიტში შემავალ ყველა მარცვალს თავისი სახელი აქვს - კაჟშპატი, კვარცი, ქარსი. ეს სხვადასხვა მინერალების სახელწოდებებია. ამგვარად, მთის ქანები სხვადასხვა მინერალებისაგან შედგებიან.

მინერალებიც ორგვარია: ერთნი ნივთიერებათა ნარევებს წარმოადგენენ, მეორენი კი ერთი ნივთიერებისაგან შედგებიან. მაგალითად, ოქრო, ალმასი (ანდამატი) და სხვა ძვირფასი თვითნაბადები ერთი ნივთიერებისაგან შემდგარი მინერალებია. შესახედაობით მინერალები ერთგვაროვანია.

სულ სამი ათასამდე სახეობის მინერალი არსებობს, რომელთა უმეტესობა იშვიათად გვხვდება. მხოლოდ მცირე ნაწილი მოიპოვება დიდი რაოდენობით.

როგორ იშლებიან ქანები?

გაცხელებისას ყველა სხეული ფართოვდება, გაციებისას კი იკუმშება. თუ გრანიტის ნატეხს რამოდენიმეჯერ გავაცხელებთ და უცებვე გავაცივებთ, ქვას ჯერ ბზარი გაუჩნდება, ბოლოს კი მთლიანად დაიშლება.

რატომ ხდება ასე? გაცხელებისას ფართოვდება გრანიტში შემავალი მინერალები, მაგრამ განსხვავებულად. გაციების დროს კი ისევ იკუმშება, ამჯერადაც განსხვავებულად. ამის გამო, მარცვლებს შორის ბზარები ჩნდება.

მზის სითბო და ყინვა თანდათან შლის მინერალებსა და მთებს. შემდეგ კლდეების პატარა ნაპრალებში წყალი ხვდება. გაყინვისას წყალი ნაპრალებს აფართოებს. ნაპრალებს აღრმავებს კლდეებზე ამოსულ მცენარეთა ფესვებიც.

ასე თანდათანობით იშლებიან თვით უმკვრივესი ქანებიც კი. შემდეგ ეს ნატეხებიც იშლება და ნიადაგს ერევა. კიდევ უფრო სწრაფად იშლებიან მდინარეების ნაპირებთან ახლოს მდებარე ქანები. მდინარე ყოველი ადიდებისას რეცხავს მათ.

მზე, ყინვა, წყალი და ქარი, ასევე მცენარეები, გამუდმებით შლიან შიშველ მთის ქანებს და ფხვიერ მასად აქცევენ. მაგრამ თუ მყარი ქანები მუდმივად იშლება, როგორღა მოაღწიეს მათ ჩვენამდე, თანაც ასეთი მრავალფეროვნებით?

დანალექი ქანები

ყველა მყარი (არაფხვიერი) ქანი არაა ვულკანური წარმოშობის. ბევრი მათგანი, როგორებიცაა: ქვანახშირი, კირქვა, მარმარილო, ქვიშაქვა, დანალექ ქანებს მიეკუთვნება. მაგრამ რას ნიშნავს „დანალექი ქანები"?

ეს სახელწოდება მაშინ გაჩნდა, როცა ყველა მეცნიერს სწამდა, რომ ბიბლიაში აღწერილი მსოფლიო წარღვნა ნამდვილი ამბავია. წყლის უზარმაზარ ნაკადებს გადაჰქონდათ მყარი ნაწილაკების უზარმაზარი მასები - ყველაფერი, რაც ხმელეთზე არსებობდა. როცა მყარი ნივთიერებები დაილექა, წარმოქმნა სწორედ ის ქანები, რომელთაც დანალექ ქანებს ვუწოდებთ.

შემდეგ გამოჩნდნენ ურწმუნო მეცნიერები და წამოაყენეს ვარაუდი, თითქოს დანალექი ქანები მრავალი მილიონი წლის მანძილზე მიმდინარე მთების დაშლის პროცესის შედეგად გაჩნდნენ. ამ ვარაუდის საპირისპიროდ უამრავი სერიოზული მოსაზრება არსებობს. ზოგიერთ მათგანს ქვემოთ მოვიყვანთ.

სინამდვილეში დანალექი ქანები ასე წარმოიქმნენ: ისინი მსოფლიო წარღვნის დროს დაილექნენ. წარღვნის წყლების უმეტეს ნაწილს მიწისქვეშა წყლები შეადგენდნენ. მათ დიდი სიღრმიდან ამოხეთქეს და თან ამოიტანეს მრავალი მყარი ნივთიერება. ამ წყლებმა წალეკეს ხმელეთზე არსებული მთელი მცენარეულობა (საკმაოდ მდიდარი), რაც შემდეგ სხვადასხვა ქანების სახით დაილექა.

თუ წყლიან ვედროში ქვიშასა და თიხას ჩაყრით და შეანჯღრევთ, შემდეგ კი ნარევს სწორ ზედაპირზე გადმოღვრით, ნახავთ, რომ ქვიშა ცალკე დაილექება, თიხა ცალკე. წყლის ნაკადს აქვს უნარი, განაცალკევოს მყარი ნაწილაკები. მეცნიერებმა შექმნეს წარღვნის ერთგვარი მოდელი და რა მიიღეს? - სხვადასხვა მიმართულებით წაღებული ნალექი ფენებად დაილექა. დანალექი ქანებიც ხომ სწორედ ასეა განლაგებული დედამიწაზე - მკვეთად გამოყოფილ ფენებად. მილიონობით წლის მანძილზე სხვადასხვა ნაწილაკების თანდათანობით დალექვის შედეგად ასეთ ფენებს ვერ მივიღებდით.

ქვანახშირისა და ნავთობის წარმოქმნა

მყარი დანალექი ქანების წარმოსაქმნელად ძლიერ წნევაა საჭირო. ისეთი გავრცელებული ქანები, როგორებიცაა კირქვა და ქვიშაქვა, წარმოქმნილა კირქვის ნარევისა და ქვიშის დალექვით. შემადგენელ ნაწილებად მათი დაშლა საკმაოდ ადვილია. აი, ერთიან ქვად გადასაქცევად კი ძლიერ წნეხი და მაღალი ტემპერატურა სჭირდება.

ყველაზე უკეთ ეს ქვანახშირის მაგალითზე ჩანს. ნახშირი წარმოადგენს ნაშთს წარღვნამდელი ხეებისა, რომლებიც სწრაფად ჩაიმარხნენ სხვა ქანების ფენებქვეშ და მჭიდროდ დაიპრისენ მათ შორის. ქვანახშირში ხშირად ნახულობენ ხის ფოთლების ანაბეჭდებს, ასევე მთლიან, გაქვავებულ ხეებს. ამასთან, არა მარტო წაქცეულს, დამდგარსაც კი, ზოგჯერ ფესვებით ზემოთ აშვერილს.

ურწმუნო მეცნიერები თვლიან, რომ ხეები მრავალი წლის მანძილზე თანდათან ეფლობოდნენ ჭაობებში, სადაც ქვავდებოდნენ. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჭაობის პირობებში ხე რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ლპება, თბილ კლიმატში კი ეს პროცესი უფრო სწრაფადაც მიმდინარეობს. მაგრამ თუ ლაბორატორიაში, უჰაერო პირობებში, ჩვეულებრივ შეშას მაღალი ტემპერატურის ქვეშ გავაჩერებთ, სამ-ოთხ კვირაში ქვანახშირს მივიღებთ. სწორედ ასეთი პირობები შეიქმნა წარღვნის დროს.

ქვანახშირი არ შეიცავს მხოლოდ ნახშირბადს, რომელიც წვადი ნივთიერებაა. მის შემადგენლობაში შედის მრავალი მინარევი. გაცილებით სუფთაა შეშის დაწვით წარმოქმნილი ნახშირი, რომელსაც, მაგალითად, საცეცხლურისათვის იყენებენ ტაძარში. ქვანახშირისაგან განსხვავებით, ეს ნახშირი არ გამოყოფს უსიამოვნო, მხრჩოლავ სუნს, თითქმის ბოლომდე იწვის და ნაცარიღა რჩება. ქვანახშირის წვისას კი, პირიქით, სქელი, შავი და არასასიამოვნო სუნის კვამლი გამოიყოფა და, ამასთან, ღუმელში უამრავი წიდა (ნარჩენი) გროვდება. ეს ადასტურებს, რომ ხეები ცხელ ქანებში ჩაიმარხა, დაიწვა, დაიპრისა და ნაწილობრივ გაიჟღინთა ქანებში შემავალი ნივთიერებებით. ჭაობებში მილიონობით წლის მანძილზე ნელ-ნელა დალექვისას ნახშირი ვერ გაიჟღინთებოდა ამდენი მინარევით, რადგან ისინი ხელმისაწვდომი, უბრალოდ, არ იქნებოდა. ასეთსავე პირობებში, ლაბორატორიაში მცენარეული ნაშთებისაგან შესაძლებელი გახდა ნავთობის მიღებაც. ჩვეულებრივ ბუნებრივ პირობებში კი ეს შეუძლებელია: ფოთლები, ბალახი, ნეშომპალა ჰაერის ზემოქმედებით იხრწნება და მცენარეთა საკვებად იქცევა. ქვანახშირის მსგავსად, დაუმუშავებელი ნავთობიც მრავალ უცხო მინარევს შეიცავს.

მცენარეთა და ცხოველთა გაქვავებული ნაშთები


გაქვავებული თევზი ჭამის პროცესში


გაქვავებული ტრილობიტი

მთელ მსოფლიოში დანალექი ქანები შეიცავენ ძველი ცხოველებისა და მცენარეების გაქვავებულ ნაშთებს. მცენარეები მხოლოდ ქვანახშირში როდი ჩაქვავდა, მათ ანაბეჭდებს სხვა ქანებშიც პოულობენ. შემორჩენილია ასევე ძველი მწერებისა და სხვადასხვა წყლის ცხოველების ანაბეჭდები.

თუ როდესმე შეგიგროვებია კირქვის ქვები, შესაძლოა შეგემჩნია კიდეც ნიჟარების, ან კიბორჩხალას მსგავსი რომელიმე ცხოველის ანაბეჭდები. ასეთ რამეებს ხშირად პოულობენ. ესენი, გამძვინვარებული სტიქიის მღვრიე ნაკადებქვეშ მოყოლილი, წარღვნამდელი ცხოველების ნაშთებია. მსგავსი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ქანებში ჩაკირულ არსებებს სიკვდილი მოულოდნელად დაატყდათ თავს.

ზაფხულში ალბათ შეგიგროვებია ნიჟარები სანაპიროზე. როგორც იცი, ცოცხალი ნიჟარა მჭიდროდ ხურავს სარქველებს (სადგულებს) და ძალიანაც რომ ეცადო, ვერ გახსნი. მკვდარი ნიჟარები კი თავისით იპობა ორ ნაწილად. არცერთი ცარიელი ნიჟარა არ ძლებს დიდხანს და არც არსად იბეჭდება. ალბათ იცი, რომ მთლიანი მკვდარი ნიჟარის მოძებნა არც ისე იოლია, გაცილებით ხშირად გხვდება გატეხილი და დამსხვრეული ნიჟარები.

საინტერესოა, რომ ყველა ნამარხ ნიჟარას სარქველები დახურული აქვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხალნი მოიყოლა მღვრიე ნაკადებმა. შემორჩა ისეთი ნამარხებიც, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ზოგიერთი ეს საბრალო არსება მყარი, დაწნეხილი ქანებიდან გაძრომასაც ცდილობდა.

თუ კირქვის პლასტები მილიონობით წლის მანძილზე მკვდარი ნიჟარების ფსკერზე დალექვის შედეგადაა წარმოქმნილი, როგორც ურწმუნო მეცნიერები ამტკიცებენ, მაშინ არ უნდა შეგვხვედროდა არცერთი მთლიანი ნიჟარა, მით უმეტეს, დახურული სარქველებით. ჩვენ ვერ ვიპოვიდით ვერცერთ ნიჟარის ანაბეჭდს, რადგან დროთა განმავლობაში ნიჟარები იმსხვრევა და ფხვნილად იქცევა. ნიჟარების ანაბეჭდების წარმოქმნა მხოლოდ წარღვნის პირობებში იყო შესაძლებელი.

ასე ხდება არა მხოლოდ ნიჟარების შემთხვევაში. ცნობილია მრავალი ცხოველის გაქვავებული ნაშთი: თევზების, ჩიტების, მხეცების, ქვეწარმავლების - პატარა ცხოველებიდან დაწყებული დიდებით დამთავრებული. დიდი ცხოველების გაქვავებულ ნაშთებში, უმეტესწილად, მხოლოდ ჩონჩხებია შემორჩენილი, პატარა ცხოველები მთლიანად აისახა ქანებში. ყველა ეს ნაშთი ცხოველების მოულოდნელ სიკვდილსა და ძალიან სწრაფ ჩამარხვაზე მეტყველებს. ჩვეულებრივ პირობებში, დედამიწაზე, მიწის ქვეშ ან წყალში, ცხოველების ძვლები არ ქვავდება, ისინი იხრწნება. თუ გამუდმებით იშლება უმკვრივესი ქვებიც კი, რაღა ითქმის ძვლებზე? მათგან კვალიც არ დარჩებოდა, რომ მღვრიე, ღრმა ნაკადს არ ჩაემარხა და არ დაეპრისა ისინი. ცხოველების კანი, ხორცი და შიგნეულობა სწრაფად გაიხრწნა, ძვლების ფორები და ნაპრალები კი თხევადი ქანებით აივსო, რომელიც შემდეგ ცემენტივით გამაგრდა. ეს ყოველივე კი საკმაოდ სწრაფად მოხდა.

გაქვავებული ნაშთების განლაგება გვაფიქრებინებს, რომ ამ ცხოველებს სიკვდილი მოულოდნელად ეწვიათ. ნაპოვნია თევზების მთელი გუნდები, რომლებიც ჩამარხვის მომენტში ერთი მიმართულებით მიცურავდნენ. პოულობენ ხმელეთის ცხოველთა ჩონჩხების მთელ სასაფლაოებს. საშინელ უწესრიგობაში ერთმანეთის გვერდით უნახავთ უკვე გადაშენებული და თანამედროვე ცხოველების ჩონჩხები. სრულიად წარმოუდგენელია, როგორ უნდა დახოცილიყვნენ ამ მდგომარეობაში ბუნებრივად: ზოგ ანაბეჭდში ხომ თევზები ჭამის პროცესში არიან, ზოგში კი ცხოველი მშობიარობის მომენტშია გაქვავებული. ბუნებაში ასე არავინ კვდება. ეჭვსგარეშეა, რომ ყველა ეს ცოცხალი არსება მოულოდნელად და ერთდროულად დაიხოცა; და ეს მოხდა მსოფლიო წარღვნის დროს.

აღმოჩენები მარადიულ ყინულეთში

რუსეთის ჩრდილოეთში, ციმბირში, მიწა ყინულის საფარითაა დაფარული, რომლის უმეტესი ნაწილი ზაფხულში დადნობას ვერ ასწრებს. ამ რაიონებში მარადიული გაყინულობაა. წარღვნამდელი ცხოველებისა და მცენარეების ნამარხები აქ გაცილებით საინტერესოა. საქმე იმაშია, რომ მოულოდნელად ჩამარხული არსებები ცოცხალივითაა შემორჩენილი. მღვრიე ნაკადები, რომელთაც იქაური ცოცხალი სამყარო გაანადგურეს, კი არ გაქვავდა, გაიყინა. ამიტომ მცენარეთა და ცხოველთა რბილი ნაწილებიც კი შესანიშნავად შეინახა, ისე, როგორც მაცივარში.

შესაძლოა გსმენია, როგორ იპოვეს ციმბირში გაყინული მამონტი, გამოთხარეს, წაიღეს პეტერბურგის მუზეუმში და ფიტული გააკეთეს, რომელიც ზუსტად ისეთ პოზაში დააყენეს, როგორშიც იპოვეს. როგორც ჩანს, ადამიანები ასე გაყინული მამონტების მთელ ჯოგებს პოულობდნენ. ადგილობრივ მცხოვრებთა წარმოდგენით, მამონტები ყინულებში ცხოვრობენ და ჰაერზე გამოსვლისას მაშინვე კვდებიან.

გაყინულობაში პოულობენ ცოცხალ, მწვანე მცენარეებს, ყვავილებითა და ნაყოფით დახუნძლულს, ასევე მრავალი ცხოველის ნაშთს - ყველაფერი გაყინულ მდგომარეობაშია. ასეთ აღმოჩენებს ვერაფრით შეუსაბამებ ურწმუნო მეცნიერების ვარაუდს, თითქოს მცენარეთა და ცხოველთა ნაშთები ნელ-ნელა ილექებოდა მილიონობით წლის მანძილზე.

სასარგებლო წიაღისეული

აი, ასეთია დანალექი ქანები. ყველა მათგანი ერთგვარი ქვის წიგნია, რომელიც ადამიანთა ცოდვების გამო დაშვებულ მსოფლიო წარღვნის შედეგად მოულოდნელად დაღუპულ უძველეს, მდიდარ სიცოცხლეზე მოგვითხობს. მაგრამ წარღვნა მხოლოდ სასჯელი როდი იყო. მის შედეგად წარმოიქმნა მრავალი სასარგებლო წიაღისეული, რომელთაც დღეს ადამიანი იყენებს. უპირველეს ყოვლისა, ესაა საწვავი - ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ფიქალი. ყველანი უძველეს მცენარეთა ნაშთებისაგან წარმოიქნენ.

ჩნდება კითხვა: რამდენი ტყეა საჭირო, რომ ქვანახშირის მსოფლიო მარაგი მოგვცეს? მეცნიერებმა შეაფასეს ეს მარაგი. აღმოჩნდა, რომ მთელ დედამიწასაც გაუვალი ტროპიკული ტყეები რომ ფარავდეს, ისეთი, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში რომ იზრდება, პლანეტის ქვანახშირის მარაგის მხოლოდ ორი მესამედი შეივსებოდა. (თუ ყველა ტყეს ერთდროულად დავამუშავებდით). მაგრამ ეჭვსგარეშეა, წარღვნამდე ჩვენს პლანეტაზე მეტი იყო ხმელეთი, ხოლო მცენარეულობა გაცილებით მდიდარი, ვიდრე თანამედროვე ტროპიკულ ტყეებში. ამდენად, წარღვნის შედეგად ქვანახშირის ამ რაოდენობის მარაგის შექმნა სრულიად შესაძლებელი იყო.


ქვანახშირი ფოთლის ანაბეჭდით

საწვავთან ერთად წარღვნამ სხვა წიაღისეულიც დაგვიტოვა, რომელთაც დანალექ ქანებში პოულობენ. მათგან გამოვყოფთ კირქვას, რომელსაც მშენებლობაში იყენებენ კირის დასამზადებლად. მშენებლობაში გამოიყენება ასევე ქვიშა და ნიჟარქვა და, რა თქმა უნდა, მარმარილო. მართალია, მარმარილო ძალიან მაგარია, მაგრამ ისიც დანალექი ქანია. მარმარილოთი დიდი შენობების კედლებსა და იატაკებს აპირკეთებენ.

წარღვნის შემდეგ დარჩა სხვადასხვა მარილების დანალექებიც. ეს მარილები გამოიყენება არა მარტო საკვებად, არამედ სოდის, ქლორისა და სხვა ნივთიერებების მისაღებად. ძვირფას წიაღისეულად ითვლება აპატიტები და კალიუმის მარილები, რომლითაც მინერალურ სასუქებს ამზადებენ.

და ბოლოს, ადამიანის მეურნეობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ლითონების მადნებს. მათი გადადნობით მიიღება თავად ლითონები. არსებობს რკინის მადნის რამოდენიმე სახეობა. არის მადნები სპილენძის, ალუმინის, თუთიის, ტყვიისა და სხვა.

თითქმის ყველა წიაღისეული დანალექ ქანებში მოიპოვება, ანუ წარღვნის შედეგად დაგროვილ ნალექებში. ხედავთ, რამხელა წყალობაა ღვთისა სასჯელშიც კი. ჩვენ სარგებლობას ვიღებთ ადრე არსებულ სიცოცხლეზე მოწეული სასჯელის შედეგებიდანაც და ეს ეხება არა მარტო სასარგებლო წიაღისეულს.

წარღვნა და მდინარეების კალაპოტები


მდინარე კოლორადოს ხეობა - დიდი კანიონი

თუ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირისკენ გაიხედავთ, დაინახავთ, რომ მდინარე ხშირად გაცილებით უფრო ფართო კალაპოტში მიედინება, ვიდრე მას სჭირდება. ამხელა კალაპოტში თავისუფლად ჩაეტეოდა ოცი, ოცდაათი, ზოგჯერ, ასი ასეთი მდინარეც კი. შესაძლოა მდინარე ნაპირებიდან გადმოსულიყო, მიმდებარე მინდვრები დაეტბორა, მაგრამ მიმართულებას არ შეიცვლიდა, არსად გაიყოფოდა.

საიდან გაჩნდნენ ამხელა კალაპოტები? ოჰ, თქვენ არ გინახავს მთის მდინარეები უღრმეს ხეობებში! ამერიკაში არის ერთი მდინარე - კოლორადო. ის მიედინება უზარმაზარ ხეობაში, რომლის სიღრმეც კილომეტრს აღწევს. როგორ გაჩნდა ამხელა ხეობა? პატარა მდინარე ვერ შექმნიდა მას თუნდაც მილიონობით წლის განმავლობაში, რადგან ამ ხნის მანძილზე ყველა ციცაბო ნაპირი ჩამოიშლებოდა და დამრეცად გაწვებოდა.

საქმე იმაშია, რომ ამ კალაპოტებში წარღვნის წყალი მიედინებოდა, როცა ხმელეთმა ამოწევა იწყო. ამ უზარმაზარმა ნაკადებმა გადარეცხეს თავისივე მოტანილი დანალექი ქანების ფენები, ამიტომაც ხშირად მდინარეთა კბოდეებზე კარგად ჩანს ეს ფენები. ასეთი ჭრილების აღმოჩენისას მეცნიერები გათხრებს იწყებენ და ხშირად უძველეს მცენარეთა და ცხოველთა კვალსაც აგნებენ.

დედამიწის ნაყოფიერი ფენები

დედამიწის ზედა, ნაყოფიერ ფენას, რომელზეც მცენარეები იზრდება, ნიადაგი ეწოდება. შიშველ მთის ქანებზე მცენარეები ან საერთოდ არ ამოდის, ან ამოდის ძალიან მწირად. ნიადაგი შეიცავს რაღაც ისეთს, რაც აუცილებელია მცენარეებისათვის.

თუ თუნუქის ქილაში მიწას ჩაყრით და ცეცხლზე შემოდგამთ, ცოტა ხანში უსიამოვნო სუნი გეცემათ. ეს სუნი დამწვარი ნეშომპალის, ანუ მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებისაა, რომლებიც ყოველთვისაა ნიადაგში და ხშირად მას შეფერილობასაც აძლევენ.

თუ როდესმე ორმოს ამოთხრა მოგიწევთ, დააკვირდით ნიადაგს. ნახავთ, რომ ის უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე მის ქვეშ განლაგებული ქანები. თიხა იქნება ნიადაგის ქვეშ თუ ქვიშა, ნიადაგი მაინც მათზე მუქია. და ამის მიზეზი ნეშომპალაა.

ნეშომპალა სწორედ ის აუცილებელი „ნივთიერებაა" (უფრო სწორად, სხვადასხვა ნივთიერებების ნარევი), რაც მცენარეებს სჭირდებათ არსებობისათვის. მოკლედ, ნიადაგს წარმოქმნის ნეშომპალა.

ნიადაგის წარმოქმნა

ნეშომპალის გარდა ნიადაგი იმ ქანსაც შეიცავს, რომელზეც ის გროვდება. განარჩევენ ქვიშის, თიხის, თიხნარ და სხვა სახის ნიადაგებს. მაგრამ როგორ წარმოიქმნება ნიადაგები, მაგალითად, ქვიშის?

მშენებლობაზე მოიტანეს სუფთა ქვიშა. მშენებლობა დასრულდა, ქვიშის ნაწილი კი დარჩა. პირველ წელს ამ ქვიშაზე არაფერი ამოსულა. შემდეგ ამოიწვერენ პირველი მცენარეები, რომლებიც რამოდენიმე წელიწადში საკმაოდ გამრავლდნენ. შემოდგომობით გამხმარი ბალახი ქვიშაზე ეყარა და იხრწნებოდა. ქვიშის გორა დაისერა თხაწართხალას, შვიტისა და ჭანგას ღრმა და ძლიერი ფესვებით. ამ მცენარეებს რომ ასეთი ფესვები არ ჰქონდეთ, მიწიდან საჭირო ტენის ამოსრუტვას ვერ მოახერხებდნენ. ამ ბალახების ჩრდილში აქა-იქ ხავსიც მოედო.

ხუთი წლის შემდეგ ასე დაყრილი ქვიშის ზედა ფენას, 1-2 სმ სისქეზე უკვე ნაკლებად ექნება ქვიშის ფერი. მასში უკვე მრავლადაა მწერები, მატლები, რომ აღარაფერი ვთქვათ ფესვებსა და ბალახებზე. ასე დაიწყო ნიადაგის წარმოქმნა.

ქვიშის ნიადაგი ყოველთვის მწირია. ქვიშა წყალს ვერ იჭერს, ყოველთვის მშრალია, მასზე ყველა მცენარე ვერ იზრდება. ასეთი მცენარეები არაა წყლიანი და მსხვილი, ამიტომ მცირე ნეშომპალას იძლევა. ამასთან, მათი ნეშომპალა სწრაფად ჩაირეცხება ხოლმე მიწის სიღრმეში.

დაახლოებით ასევე ხდება თიხოვანი ნიადაგის წარმოქმნაც. თუმცა აქ სულ სხვა მცენარეები გვხვდება: ვირისტერფა, ღიჭა, შამბი... იქნებ გინახავთ კიდეც ისინი გზების გასწვრივ და ფერდობებზე. ყველა მცენარეს არ შეუძლია თიხაზე ამოზრდა, სადაც ფესვებისათვის ნაკლები ჰაერი და ბევრი წყალია. თიხის ზედაპირი თანდათან იფარება ნიადაგის თხელი ფენით, რომელიც შეიცავს ნეშომპალას და შემთხვევით მოხვედრილ ქვიშას, სადაც იმკვიდრებენ ჭია-ღუები და მწერები. ასეთ ნიადაგზე უკვე ადვილად იზრდებიან მცენარეები.

მდიდარი და მწირი ნიადაგები

მაშ ასე, ჩვენ ორ კანონზომიერებას ვხედავთ. პირველი, თუ ნიადაგი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ან მწირია ნეშომპალით, მასზე სულ რამოდენიმე სახის მცენარე თუ გაიზრდება. მერე, ასეთი მწირი მცენარეულობა მცირე ნეშომპალას იძლევა, ანუ ნიადაგის წარმოქმნა ნელა და ცუდად მიმდინარეობს.

მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ნიადაგი შიშველ თიხასა ან ქვიშაზე როდი იწყებს ჩამოყალიბებას. ასე რომ ყოფილიყო, ვერასოდეს მოვიწევდით სამყოფ მოსავალს. დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ერთი მეტრის და უფრო ღრმა ნიადაგის პლასტებია, ძალიან მდიდარი ნეშომპალით. ასეთ ნიადაგს შავმიწა ეწოდება. მასზე კარგად იზრდება ყველანაირი მცენარე. შავმიწა ნიადაგებიც სხვადასხვა სახისაა: მშრალი, ფხვიერი და რბილი ნიადაგები უფრო ძვირფასია, ხოლო თიხოვანი, წვიმიან ამინდში მწებვარე ტალახით იფარება. თუმცა ერთიცა და მეორეც დიდი რაოდენობით ნეშომპალას შეიცავს.

როგორ ჩამოყალიბდა ისინი?

როგორც ჩანს, თანამედროვე შავმიწა ნიადაგები ერთ დროს მდიდარი იყო მცენარეულობით. ცხადია, ტყე გაცილებით უხვია მცენარეულობით, ვიდრე მინდორი ან სტეპი. ტყეში ჩამოცვენილი ფოთლები და წიწვები, ასევე, ბალახეულობა, ყოველწლიურად უამრავ ნეშომპალას იძლევა. თუმცა თითქმის არცერთი ტყე არ იზრდება შავმიწა ნიადაგზე. ტყის მასივებში, სადაც შემოდგომობით მიწა ფოთლების ხალიჩით იფარება, რომელიც გაზაფხულისათვის უკვე ნეშომპალადაა ქცეული, ნიადაგის ფენა საკმაოდ თხელი და მწირია. ასეთ ტყეებში მიწის სიღრმეში წითელი თიხის ან ყვითელი ქვიშის ფენები უკვე 10-20 სმ-ზე იწყება.

შავმიწა ნიადაგები კი, ძირითადად, სტეპებში გვხვდება, თანაც მშრალ სტეპებში. იქ საკმაოდ მწირი მცენარეები - ვაციწვერა და აბზინდა ხარობს. როგორ გაჩნდა ამ მწირი მცენარეულობის ქვეშ ასეთი მდიდარი და ნაყოფიერი ნიადაგები?
ნუთუ მართლა თანამედროვე მცენარეულობა წარმოქმნის ნიადაგებს და რამდენი დრო არის ამისათვის საჭირო?

ნიადაგები და წარღვნა

მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა, რათა დაედგინათ, თანამედროვე პირობებში რამდენი ხანი სჭირდება ჩვეულებრივ, არაშავმიწა ადგილებში ნიადაგის ფენის წარმოქმნას. აღმოჩნდა, რომ არა მარტო შავმიწა ნიადაგების, არამედ ყველა სხვა სახის ნიადაგის წარმოქმნას ხუთი ათასი წელი სჭირდება. ეს კი ზუსტად ემთხვევა წარღვნის დროს, სწორედ ხუთი ათასი წლის წინ, ანუ მსოფლიო წარღვნის შემდეგ, დედამიწის უმეტეს რაიონებში ნიადაგებმა ხელახლა დაიწყო ფორმირება.

ბიბლიისადმი უნდობლად განწყობილი მეცნიერები, გაიგებენ რა, რომ სადმე ქვანახშირი აღმოჩნდა, გაიძახიან: მილიონობით წლის წინ იქ მდიდარი მცენარეულობა იყოო. მაგრამ როგორ მოხდა, რომ ასეთმა მდიდარმა მცენარეულობამ ვერ შექმნა მრავალმეტრიანი შავმიწა ნიადაგები მილიონობით წლის მანძილზე, რომლებიც თუნდაც გაქვავებული სახით მოაღწევდა ჩვენამდე? იმავე რაიონებში შავმიწა ნიადაგების აღმოჩენისას იგივე მეცნიერები ირწმუნებიან, ისინიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდნენო. ანუ გამოდის, რომ ტყე, რომელიც მილიონობით წლის მანძილზე წარმოქმნიდა ნიადაგს, თავად ამ ნიადაგის ქვეშ ყოფილა მოქცეული.

ყველაფერი კი გაცილებით მარტივად აიხსნება. შავმიწა ნიადაგის წარმოსაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი მილიონი წელი. შესაძლოა გინახავთ, როგორ იღებენ მებოსტნეები ნეშომპალას თავიანთ ნაკვეთებზე. კვლების გამარგვლის შემდეგ ნარეცხი წყალი, ნახერხი, ყველანაირი მცენარეული ნარჩენი იქ მიაქვთ. თუ გროვა არ გაშრა და ქარმა არ გაფანტა, მომავალი წლისთვის კარგ ნეშომპალად იქცევა, რომელიც შემდეგ სასუქად გამოიყენება.

როგორც ჩანს, მსოფლიო წარღვნის დროს მცენარეულობისა და ცხოველების ნაწილი გადაურჩა ტალახიან ნაკადებში ჩამარხვას. ბევრი ცხოველი ცდილობდა გაქცეოდა სტიქიას, ასევე იბრძოდნენ სიცოცხლისათვის ადამიანებიც. ამიტომ ადამიანთა გაქვავებულ ნაშთებს იშვიათად პოულობენ ნამარხებში. მაგრამ წყალს ვერც ცხოველები და ვერც ადამიანები ვერსად გაექცნენ. განადგურებული სიცოცხლის ეს ნაშთები, მცენარეთა გარკვეულ მასებთან ერთად, ზედაპირზე აღმოჩნდნენ, გაქვავების ნაცვლად გაიხრწნენ და მიწად იქცნენ. რა თქმა უნდა, „ნეშომპალის ეს გორები" მთელს დედამიწაზე არ განაწილებულა, წარღვნის წყლის უკუქცეულმა ნაკადებმა ისინი სხვადასხვა ადგილებში დალექა.

ნაყოფიერი ნიადაგების სქელი ფენები წარმოიქმნა არა იქ, სადაც მცენარეთა ნაშთები ნელ-ნელა და მცირე-მცირე რაოდენობით გროვდებოდა და იხრწნებოდა, არამედ იქ, სადაც ერთბაშად და სწრაფად დაილექა დიდი რაოდენობით.

წარღვნის შემდეგ დედამიწის დანარჩენი ადგილები ნიადაგის გარეშე დარჩა, ისინი დაფარული იყო მხოლოდ ქანებით: ქვიშით, თიხითა და შლამით. ეს ადგილები თანდათან მცენარეებმა დაფარეს და იქ ნელ-ნელა ფორმირება იწყო საკმაოდ თხელმა და მწირმა ნიადაგებმა.

ნიადაგების დაშლა

საკმარისი ტენის გარეშე ნაყოფიერი მიწაც არ აღმოაცენებს მცენარეებს. მშრალ და უსიცოცხლო მდგომარეობაში კი ნიადაგი ნაყოფიერებას კარგავს. მცხუნვარე მზე და ქარები ნელ-ნელა ფიტავენ მას. ასე იქცნენ უდაბნოდ ერთ დროს ნაყოფიერი მიწები სამხრეთ აფრიკაში, აზიასა და სხვა ადგილებში.

ნიადაგის დაშლას ყველაზე მეტად უწყობს ხელს ადამიანის სამეურნეო საქმიანობა, მით უმეტეს, უხეიროდ წარმოებული. მოხნული სტეპები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ნაყოფიერებას. ველურად მზარდი მცენარეების ფესვები კარგად იჭერდნენ ნიადაგს, იცავდნენ მას გადარეცხვისა და ქარებისაგან. მოხნულ მიწას აღარფერი იჭერს. ძლიერი ქარები და თავსხმა წვიმები ადვილად რეცხენ მას. წვიმის წყალი ნიადაგში ღრმა ხრამებსრომელთა ფერდებზე მიწის დამუშავება შეუძლებელია, თხრილების მიერ მიტაცებული ადგილები ადამიანებისათვის დაკარგულია. ამგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მინდვრებს შორის ხეების დამცავ ზოლებს რგავენ. მცენარეთა ფესვები ნიადაგს აკავებს და ხრამების გაჩენას ხელს უშლის. ტყის ზოლები ასუსტებს ძლიერი ქარების გამანადგურებელ ზემოქმედებას.

თუმცა ნიადაგის დასაცავად წარმოებული ეს ღონისძიებები საკმარისი არაა. ნიადაგები მთელ მსოფლიოში თანდათან კარგავენ ნაყოფიერებას. ნაყოფიერების დაკარგვას ხელს უწყობს ასევე წყლისა და ჰაერის დაბინძურებაც.

ნიადაგის დამუშავება

მიწათმოქმედება ადამიანის არსებობის უმთავრესი წყაროა. ცოდვით დაცემული ადამიანების სამოთხიდან გამოძევების შემდეგ ღმერთმა მათ უბრძანა მიწის დამუშავებით მოეპოვებინათ არსობის პური, თან გააფრთხილა, რომ ეს არ იქნებოდა იოლი: „ოფლითა შენითა, - თქვა ღმერთმა, - მოიპოვო პური შენი".

მას შემდეგ ჩვენთვის საკვების სხვა წყარო არ არსებობს, გარდა მიწისა და მასზე აღმოცენებული მცენარეებისა. ჩვენი საკვების დიდი ნაწილი: პური, ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, ზეთი - მცენარეული წარმოშობისაა. რძის, ხორცის, მატყლისა და სხვა ცხოველური პროდუქტების მომცემი შინაური ცხოველების გამოკვებაც მიწაზეა დამოკიდებული, სჭირდება რა საძოვრები.

ცოდვებისათვის ადამიანებსა და მათ გამო მთელ სამყაროზე მოწეული სასჯელი ღვთის ხელში, იმავ დროს, წყალობად იქცა - მისცა რა მომავალ თაობებს ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო არსებობისათვის.

კულტურული მცენარეები რომ კარგად გაიზარდონ და მეტი ნაყოფი მოგვცენ, საჭიროა ნიადაგის გათოხვნა და სარეველებისაგან გათავისუფლება. ყოველ წელს, გაზაფხულსა ან შემოდგომაზე, მინდვრებს გადახვნა, ბოსტნებს კი მორწყვა ესაჭიროებათ. მოუვლელი ნიაგები მალე იფარება ძნელად ამოსაძირკვი სარეველით. ღმერთმა ადამს ესეც უწინასწარმეტყველა სამოთხიდან გაძევებისას: ეკალი და კუროსთავი (ასე უწოდებდნენ სარეველებს) აღმოგიცენოს შენ მიწამ.

ყოველწლიურად დამუშავებული სახნავი მიწა, ადრე თუ გვიან, იფიტება. სასუქის შეტანას შავმიწა ნიადაგიც ითხოვს. საუკეთესოდ ითვლება ორგანული, ანუ მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისაგან დამზადებული სასუქი. განსაკუთრებით ნაკელი. ის მრავალ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. სასუქად გამოდგება მცენარეების ნაშთებისაგან მიღებული ნეშომპალაც, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ბოლო დროს მიწათმოქმედები ძლიერ გაიტაცა მინერალურმა სასუქმა, რომელიც არც ისე კარგია. პირველ წლებში ასეთი სასუქი უხვმოსავლიანობას იწვევს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ნიადაგს აზიანებს. ამიტომ მინერალური სასუქი მცირე დოზით უნდა გამოვიყენოთ, თანაც კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი მიწის ნაკვეთის შედგენილობა. ამისათვის, თავდაპირველად ნიადაგი ლაბორატორიაში მიაქვთ ანალიზისათვის და ადგენენ, რა ნივთიერებები აკლია მიწას და ამა თუ იმ სასუქის შეტანისას რა ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს ჭარბი რაოდენობით. ამ საქმის სპეციალისტებს აგრონომები ეწოდებათ.

მოვლა გაზრდილ მცენარეებსაც სჭირდებათ. ნიადაგი უნდა გაიმარგლოს, გასუფთავდეს სარეველებისაგან, გაფხვიერდეს, რომ ფესვებს საკმაო რაოდენობის ჰაერი და ტენი მიეწოდოს. და ბოლოს, ბევრ მცენარეს მუდმივად ესაჭიროება მორწყვა. მოხნული მიწა, რომელიც არაა დაფარული მცენარეებით, უფრო სწრაფად შრება, ვიდრე „ველური" ნიადაგი.

და მაინც, ამ ღონისძიებების მიუხედავად, ნიადაგები იფიტება. ყოველი მოსავლის აღების შემდეგ მიწა თანდათან კარგავს ნაყოფიერებას. გამოფიტვის შესაჩერებლად იყენებენ თესლბრუნვას. ერთსა და იმავე მინდორში სხვადასხვა წელს სხვადასხვა მცენარეებს თესავენ. თუმცა აქაც საჭიროა ცოდნა - რა რის შემდეგ უნდა დაითესოს და რისი დათესვა არ შეიძლება. მცენარეთაგან ერთნი გარკვეულ ნივთიერებებს შეიწოვენ მიწიდან, მეორენი კი სხვა ნივთიერებებისაგან ფიტავენ ნიადაგს. თესლბრუნვის გამოყენებისას მიწის ნაყოფიერება ისე სწრაფად არ ქვეითდება, როგორც ეს მოხდებოდა, თუ ყოველ წელს ერთსა და იმავე სახის მცენარეებს დავთესავდით მინდორში.

ლოცვა მოსავლის მოცემისათვის

როგორ არ ცდილობს ადამიანი, შეამსუბუქოს შრომა სოფლის მეურნეობაში: მანქანებით, სასუქებით, სხვა საშუალებებით, მაგრამ ღვთის განჩინება უცვლელია: პურის შოვნა ადამიანს ძვირი უჯდება. თუმცა, იმავ დროს, ყოველი მოსავალი უფლის წყალობაა. კაცს არ შეუძლია არცერთი მარცვლის აღმოცენება მიწის, ჰაერისა და წყლისაგან. შეიძლება ბევრიც იშრომოს, მაგრამ გვალვამ, ყინვამ, თავსხმა წვიმებმა მოსავალი გააფუჭოს. ამას ღმერთი იმისათვის უშვებს, რომ ადამიანები არ გაამაყდნენ აგრონომიული მიღწევებით, არ დაივიწყონ, რომ საკუთარი ძალებით არაფერი შეუძლიათ, თუმცა კი ძალისხმევას არ იშურებენ, ოფლს ღვრიან არსობის პურის მოსაპოვებლად.

ამიტომ შემთხვევით როდი ვითხოვთ უფლისაგან: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს". ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება ეს საკვები, ეს ღვთიური წყალობა. უფლის ნებაზეა დამოკიდებული არა მარტო ამინდი, არამედ ნიადაგის ნაყოფიერება. მთელი სამყარო ღმერთის ხელშია. ამიტომ ითხოვს ეკლესია ყოველ ღვთისმსახურებაზე: „კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ".

ადამიანისათვის მიწის დამუშავება და სხვადასხვა მოსავლის მიღება სასარგებლო საქმეა. მაგრამ თუ გვსურს ღმერთი ისმენდეს ჩვენს ლოცვას, ჩვენზე მოწეულ ღვთიურ წყალობას გაჭირვებულ ადამიანებს უნდა ვუნაწილებდეთ. გინდა, კარგი მოსავალი მიიღო და უფალმა აკურთხოს შენი შრომა დედამიწაზე? გაუნაწილე შენი ნაშრომი გლახაკებს. უფალს ისინიც უყვარს და სურს მათაც მიმადლოს არსობის პური, მაგრამ სხვა საშუალებით - ეს საშუალება არის შენი შრომა, შენზე მოწეული წყალობა. ნუ უარყოფ უფლის ასეთ განგებას, საკუთრად ნუ ჩათვლი ღვთის ნურცერთ წყალობას, რომელიც დროდადრო გეძლევა. მაშინ წყარო ყოველი სიკეთისა მოგანიჭებს ყველაზე დიდ სიმდიდრეს, რომელიც არასოდეს წაგერთმევა, არც ამ ცხოვრებაში, არც იმქვეყნად - წყალობასა და სიყვარულს. მაშ, ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის.

კატეგორია: დედამიწის შესახებ | ნანახია: 2493 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: