რატომ მიფრინავენ ფრინველები თბილ ქვეყნებში?შეიძლება იფიქროთ: იმიტომ, რომ ზამთარი უნდა დადგეს და სიცივე აშინებთო. მაგრამ მაშინ რატომ ყველა ფრინველი არ მიფრინავს? საქმე იმაშია, რომ ზამთარში, როცა მიწას თოვლი ფარავს, გადამფრენი ფრინველები ვეღარ პოულობენ საკვებს. ისინი ხომ მწერებით, ბალახებითა და თესლებით იკვებებიან. ზამთარში კი მწერების ნაწილი იხოცება, ნაწილი იმალება, აღარ ჩანს არც ბალახი და თესლიც თოვლის ქვეშაა მოქცეული. სწორედ ამიტომ ფრინველები იძულებულნი არიან, შორეულ ქვეყნებში გაფრინდნენ გამოსაზამთრებლად. ზამთარში ჩვენთან ის ფრინველები რჩებიან, რომელთაც საკვების მოპოვება არ უჭირთ. მაგალითად, თოვლის მოსვლა სულაც არ ადარდებს კოდალას. ის ზამთარშიაც გულმოდგინედ უკაკუნებს ხეს და ჭია-მატლებისაგან ასუფთავებს.
|