რატი გოგატიშვილი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულია. პოპულარობა კი ტელესერიალმა "შუა ქალაქში" მოუტანა, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს, ონავარ ბიჭუნას თამაშობს. სინამდვილეში თავისი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავდება - არც უფროსებს იგდებს აბუჩად და არც ისეთი ინტრიგანია, როგორიც სერიალში. მიუხედავად ასაკისა, უკვე სერიოზული მიზნები აქვს... ჯერ კი პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-7 კლასში სწავლობს. საუბარი სკოლით დავიწყეთ:- სკოლაში ძალიან პოპულარული იქნები.- გოგოებში - განსაკუთრებით. ყველას ჩემი გაცნობა სურს, მესიჯებს მიგზავნიან, მიყვარხარო და რაღაცებს მწერენ. იმდენი ეს-ემ-ესი მომდის, ტელეფონი წამდაუწუმ მიჯდება.- შენ არავინ გიყვარს?- არა, სად მცალია სიყვარულისთვის: სკოლა, კვირაში სამი დღე - გადაღებები... - რა ხდება გადასაღებ მოედანზე?- სულ მხიარულებაა. ვსწავლობ ტექსტებს, ვცდილობ, არ დამავიწყდეს, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე (იღიმის). - დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?- მსახიობი და ოპერატორი. ძალიან მიყვარს ფოტოსა და ვიდეოს გადაღება და მინდა, კინოში თამაშის გარდა, ოპერატორადაც ვიმუშაო. - ქართველი მსახიობებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონს?- მომწონს "შუა ქალაქის" ყველა მსახიობი, ძველი თაობის მსახიობებიდან - დოდო აბაშიძე. ჩემი საყვარელი ფილმებია "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა".- პრეზიდენტობა არ გინდა?- არა, პრეზიდენტულად ვერ ვმართავ ქვეყანას, ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ცოტა პატარა რომ ვიყავი, ჯარისკაცობა მინდოდა. მთელი ბავშვობა ომობანას ვთამაშობდი და დარწმუნებული ვიყავი, ძალიან მოხერხებული ჯარისკაცი ვიქნებოდი (იცინის). - დავუშვათ, მაინც გახდი პრეზიდენტი, რას გააკეთებდი?- დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებდი.- როგორ?- დიპლომატიური გზით და არა ომით. საშინლად არ მიყვარს ომი და ხალხის ხოცვა, თანაც ქართველები ისედაც ცოტანი დავრჩით. კიდევ, ყველანაირად შევეცდებოდი, ჩემი სამშობლო გამებრწყინებინა და ნატოში შემეყვანა. - მაინც რატომ ვერ შევდივართ ნატოში?- რა ვიცი, ბევრი მიზეზია. ამაში რუსეთიც ხელს გვიშლის.- კიდევ რას გააკეთებდი?- შევეცდებოდი, საქართველოში ხალხის მატერიალური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა. ძალიან მეცოდებიან მათხოვრები, ქუჩებში რომ დგანან. ასევე, გავალამაზებდი თბილისის ქუჩებს, რადგან ზოგიერთი უბანი, სადაც იტალიური ეზოებია, ძალიან დანგრეულია. მეც იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და ჩემს ეზოსაც გავარემონტებდი.
- პრეზიდენტის რეზიდენციაში არ იცხოვრებდი? - იქაც ვიცხოვრებდი და ჩემს სახლშიც.
- როგორი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი? - არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.
- როგორი პრემიერია ბიძინა ივანიშვილი? - მდიდარი.
- როგორია ინდიგო ბავშვი? - 21-ე საუკუნის ბავშვია.
- დემაგოგია რა არის? - ძალიან სასაცილო სიტყვაა (იცინის).
- რა არის დეპუტატის მანდატი? - იგივეა, რაც დეპუტატის მოწმობა.
- როგორი გინდა იყოს შენი სამშობლო? - გამთლიანებული და გაბრწყინებული. მინდა, აფხაზეთი და ოსეთი ისევ ჩვენი იყოს. სიამოვნებით წავიდოდი დასასვენებლად სოხუმში.
[[სალი
|