რატომ მოიწყინეს ყვავილებმა ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა. რისი ბრალია ეს? მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე - ასეთია იმ მიზეზების არასრული სია, რომლებმაც შეიძლება ყვავილის ავადმყოფობა და მავნებლებით დასნებოვნება გამოიწვიოს. ნიადაგის გამოშრობა ან ზედმეტი სინოტივე ადვილი შესამჩნევია. არც მავნებლების შემჩნევაა რთული. თუ ხედავთ, რომ ნიადაგი არც ზედმეტად მშრალია და არც ზედმეტად ტენიანი, ვერც მავნებლებს ამჩნევთ, აუცილებელია, მცენარე ქოთნიდან ამოიღოთ და კარგად დაუთვალიეროთ ფესვები - არ არის გამორიცხული, მავნებლებს სწორედ იქ ედოთ ბინა. თუ მავნებლებს ვერ ხედავთ, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ მიწა ფესვებით არის სავსე, ესე იგი მცენარის უგუნებობის მიზეზი პატარა ქოთანი და საკვების დეფიციტია. ასეთ დროს ყვავილი დიდ ქოთანში უნდა გადარგოთ და ქოთანი ახალი მიწით შეავსოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ ფესვები მომპალია, აუცილებელია დაზიანებული ნაწილების მოცილება და მცენარის გადარგვა. თუ შეამჩნიეთ, რომ მიწა ალაგ-ალაგ მშრალია, უნდა მიიღოთ ზომები ნიადაგის თანაბარი დატენიანებისთვის. ზოგჯერ ვერც მიწას და ვერც ფესვებს ვერავითარ ცვლილებას ვერ ვამჩნევთ. ამ შემთხვევაში მიზეზი სინათლის უკმარისობა ან ჰაერის სიმშრალე იქნება. პირველ შემთხვევაში ქოთანი ნათელ ადგილას უნდა გადავიტანოთ, ხოლო მეორე შემთხვევაში აუცილებელია მისი რეგულარული დატენიანება - წყლის წვრილი ჭავლის დასხმა.
ლადო-43
|