შაბათი, 2025-01-18, 3:52 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » აღდგომა
7:49 PM
აღდგომა

მოველი აღდგომასა მკვდრეთით"

საინტერესოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ქრისტეს შობის, მირქმის და სხვა ხატები, მაგრამ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხატი არ გაგვაჩნია. იესო ქრისტეს აღდგომა კი ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც მთელს სამყაროში მომხდარა.

აღდგომაზე ყველა ადამიანი, მთელი სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ამ საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. როგორ, განა ადამიანები აღარ კვდებიან? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც გაივლის სიკვდილის სამეფოს, მაგრამ ის აღარ არის მისი ტყვე, მისი მონა. მას შეუძლია, თავი დააღწიოს ამ ბნელ სამეფოს, მას შეუძლია მკვდრეთით აღსდგეს, რადგან ამ სამეფოს გალავანი და დახშული კარი ქრისტეს მიერ „დაირღვა", დაინგრა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ხატი, სადაც მაცხოვარი სწორედ ჯოჯოხეთის შემტვრეულ კარზე დგას. ქრისტე მარტო არ არის, მას საფლავებიდან ადამი და ევა ამოჰყავს. აქვე არიან ძველი აღთქმის მართალი ადამიანები - მეფეები, წინასწარმეტყველები, მღვდელმთავრები. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მარტო თვითონ კი არ აღდგა, არამედ ჩვენც, ადამიანებს მოგვცა სიკვდილზე გამარჯვების ძალა.

ალბათ, იფიქრებთ - როგორ შეიძლება მართალი ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვედრილიყვნენ? ადამმა და ევამ უარი თქვეს ღმერთთან ერთად ცხოვრებაზე, ამიტომაც გაბატონდა მიწაზე სიკვდილის სამეფო ჯოჯოხეთი*, სამოთხე,სასუფეველი** კი დაიკეტა, ამიტომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი ქრისტეს აღდგომამდე ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ წუთს, როდესაც გაიღებოდა სამოთხის კარი მათთვის.

ხატზე ადამსა და ევას ხელები ქრისტესაკენ აღუპყრიათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ინანიებენ თავიანთ ცოდვას და მხოლოდ უფლისგან ელიან პატიებას, შველას. იმისათვის, რომ ღმერთმა აღგვადგინოს, საჭიროა არა მხოლოდ ქრისტეს მოწყალება და სიყვარული ჩვენდამი, არამედ ჩვენი სინანული ჩვენივე ცუდ საქციელთა გამო.

სხვა ხატზე გამოსახულია ქრისტეს საფლავი. სამარხთან უფლის მოწაფე ქალები მოსულან. ისინი არ შეუშინდნენ საფლავის მცველ ჯარისკაცებს, არ შეუშინდნენ შეპყრობას და ნელსაცხებლები, ანუ სურნელოვანი ზეთები მოიტანეს, რათა ძველი წესის მიხედვით, თავიანთი გარდაცვლილი მოძღვრისათვის ეცხოთ. იქვე ქრისტეს აკლდამიდან გადაგორებულ ლოდზე ანგელოზი დახვდათ. ანგელოზი მენელსაცხებლე დედებს (ეკლესიაში ასე უწოდებენ ხატზე გამოსახულ ამ ქალებს) მიანიშნებს, რომ საფლავი ცარიელია და ახარებს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა.

ქრისტეს აღდგომა არავის უნახავს. ადამიანის თვალი ვერ აღწევს უზარმაზარი ლოდით ჩაგმანულ კლდის სამარხში, სადაც ჯვარცმის შემდეგ დაასვენეს ქრისტე. ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს, როგორ მოხდა აღდგომის უდიდესი საიდუმლო. თუმცა ის, რაც თვალსა და გონებას არ ძალუძს, ადამიანის გულს შეუძლია. ჩვენ ათასწლეულების შემდეგაც კი გულით განვიცდით სიხარულს იმისა, რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!

* ჯოჯოხეთი არის უღმერთოდ ყოფნა
** სასუფეველი - სასუფეველია იქ, სადაც ღმერთია; სადაც იესო ქრისტეა, იქ არის სინათლეც, სიკეთეცა და სიყვარულიც

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის"
№4. 2003წ. 25 აპრილი

 

წმიდა იოანე ოქროპირი

სააღდგომოდ

რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 869 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: